მოტო სეზონის გახსნა 2025

2025 წლის 27 აპრილს მესამედ აიღებს სტარტს მოტო სეზონი, რომელიც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჰასკი მოტოპარკში გაიმართება. 

ჰასკი მოტოპარკში მისულ მაყურებელს და მოტო-მოყვარულებს სამი დისციპლინის ხილვის შესაძლებლობა ექნება

ენდურო, რომელიც ენდურო ქლაბ ჯორჯიას მხარდაჭერით ჩატარდება, მოტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური დისციპლინაა და სპორტსმენებისგან სისწრაფისა და გამძლეობის უნარების დატესტვას რთულ პირობებში მოითხოვს. 

ამ დისციპლინაში მრბოლელებს გზაზე ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებები ხვდებათ, საუკეთესო კი 20 წუთში დაფიქსირებული ყველაზე მეტი წრით ვლინდება. 

ბავშვთა ენდურო, რომელიც სამი 10 წუთიანი გარბენისგან შედგება. ასაკობრივი კატეგორია 5-8 და 9-14 წელს მოიცავს.

განსხვავება ენდუროსა და ბავშვთა ენდუროში დრო, კუბატურა და ტრასის სირთულეა. საუკეთესოს გამოვლენა კი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი წრით ხდება. 

მესამე დისციპლინა კი, მოტო ჯიმხანაა, რომელიც პიტ სტოპ აკადემიის მხარდაჭერით ჩატარდება. მოტო ჯიმხანა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ამავდროულად ინტენსიური დისციპლინაა, რომელიც ღია, ან დახურულ, სპეციალურად მომზადებულ მოტოდრომზე ტარდება. მოტოსპორტის ამ სახეობაში საჭიროა სისხარტე, მოქნილობა და სიზუსტე.

სპორტსმენებმა ვიწრო მონაკვეთში ბარიერები და დაბრკოლებები ბალანსისა და კონტროლის დაკარგვის გარეშე უნდა გაიარონ. 

გამარჯვებულია ის, ვინც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.

სნმფ პრეზიდენტი, გიორგი ჩიქოვანი სეზონის გახსნის შესახებ: 

“მოტო სეზონის გახსნა უკვე მესამე წელია იმართება აპრილის ბოლოს ჰასკი მოტოპარკში. წინა ღონისძიებების მსგავსად, წელსაც გახსნაზე წარმოდგენილი იქნება სამი დისციპლინა - მოტოჯიმხანა, ენდურო ზრდასრული და ენდურო ბავშვები, რომლებიც თავის მხრივ არის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპები. 

“ასევე, მოწვეული გვყვავს რადიომართვადი მანქანების მოყვარულთა კლუბი, რომლის წარმომადგენლები გამართავენ საჩვენებელ შეჯიბრს პულტით მართვადი მანქანებით. 

“მოტო სეზონი საინტერესოდ და პატარ პატარა სიახლეებით დაიწყება, ველით მონაწილეების აქტიურობას და ასევე მაყურებლის სიმრავლეს. ზოგადად 2025 წლის მოტო სეზონი საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ხუთ მოტო დისციპლინას შორის შეჯიბრებებს მოიცავს, ჩემპიონატის ეტაპები დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. წარმატებული ასპარეზობა მინდა ვუსურვო 2025 წლის ჩემპიონატების ყველა მონაწილეს”

გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.