საერთაშორისო ფედერაციის მოტოკროსის კომისიის წევრი საქართველოში
2025 წლის 15 მაისს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის მოწვევით საქართველოში საერთაშორისო ფედერაციის მოტოკროსის კომისიის წევრი, კუვეიტის მოტოფედერაციის მოტოკროსის დირექტორი ჰამად ალ საიფი ესტუმრა. ფედერაციის გუნდმა ბატონ ჰამადთან განიხილა საქართველოში მოტოკროსის დისციპლინის განვითარების პერსპექტივები.
სნმფ-ს გუნდსა და ბატონ ალ საიფს საქართველოს სპორტის მინისტრი, ბატონი შალვა გოგოლაძე და მისი პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მოტოკროსის დისციპლინის აღორძინების პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაზეც ბატონმა შალვამ მოწონება გამოხატა და სნმფ-ს გუნდს შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე მხარდაჭერა აღუთქვა.
ბატონი ალ საიფი სნმფ-ს გუნდთან ერთად ესტუმრა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე არსებულ მოტოკროსის ტრეკს, მოინახულა ჰასკი მოტოპარკში არსებული ენდურო კროსის ტრეკი და თელავის მოტო პარკი.
შეხვედრაზე მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს არსებული ტრეკების თანამედროვე სტანდარტებით განახლება, დაიგეგმა საბავშვო ტრეკების მოწყობა და განვითარება. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლოდ კუვეიტელი და ქართველი მოზარდი „კროსმენების“ გაცვლითი პროგრამები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში მოტოკროსის განსავითარებლად და ასაღორძინებლად, ასევე, მომავალი თაობის მართებული განვითარებისთვის.
საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის გუნდი მადლობას უხდის ბატონ ჰამად ალ საიფს გაზიარებული გამოცდილებისთვის.