წრიული რბოლა I ეტაპი

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად რუსთავში ადრენალინის, დაძაბულობისა და სიჩქარის მატებაც იგეგმება.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წრიულ რბოლაში 2025 წლის პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, ქართული მოტო კლუბი MC-ის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

მოტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ, სპორტულ და ინტენსიურ სახეობაში საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში (პრო კლასი) და საქართველოს თასი Time Attack მოტომოყვარულები (კლასი 1000cc და 600cc) სტარტს 5 ივლისს, 10:00 საათზე აიღებს.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარბოლო ტრასა, კვლავ გახდება ადგილი, სადაც სპორტული ოსტატობა, ტექნიკური მომზადება და დაუნდობელი პაექრობა ერთმანეთს შეერწყმება. 4.1 კმ სიგრძის ტრასა, რთული მოსახვევებითა და გრძელი პირდაპირი მონაკვეთებით, მოტომრბოლელთა რეალურ გამოცდას წარმოადგენს.

ღონისძიება, ტრადიციულად, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით წარიმართება, ხოლო გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალყური ადევნონ საინტერესო დაპირისპირებებს.

სპორტული დაძაბულობის, ბენზინის სუნისა და მეტალის ხმაურის მოყვარულთათვის 5 ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო დღე იქნება.

 

თარიღი: 5 ივლისი, 2025

დრო: 10:00 საათი 

ადგილმდებარეობა: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი

დისციპლინები წრიული რბოლა: პრო კლასი

მოტომოყვარული Time Attack: კლასი 1000cc და 600cc

 

გაიგე მეტი წლის შეჯიბრებების შესახებ.